სასმელი წყლის, სანიაღვრე სისტემის, შიდა გზების პრობლემებზე საუბრობს სოფელ ბოკვიანში მცხოვრები მოსახლეობა.
''ევროპული საქართველოს'' ლიდერი დავით ბაქრაძე აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან მალხაზ მელაშვილთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს. ისინი აცხადებენ, რომ სოციალური და ერთჯერადი დახმარებები არ გაიცემა, თუმცა ლაგოდეხის საკრებულო ცენტრალურ ბიუჯეტში 800 ათას ლარს უკან აბრუნებს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის პრობლემები არ აწუხებს და მოსახლოებას მოუწოდებს, ლაგოდეხში ადგილობრივ არჩევნებზე ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირონ, რათა შეძლოს ხალხის პრობლემების მოგვარება და ახალი პროექტების განხორციელება.
„ადგილობრივ ხელისუფლებას არ აწუხებს ადამიანების პრობლემები და არაფერს არ აკეთებს მათ მოსაგვარებლად. აი ეს უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებზე და "ევროპულ საქართველოს" წარმოდგენილი ჰყავს ისეთი კანდიდატი, რომელიც საქმიანი, გამოცდილი და მცოდნე ადამიანია, რომელიც ლაგოდეხიდან არათუ მორჩენილ ფულს არ დააბრუნებს არსად, კიდევ უფრო მეტ თანხას მოითხოვს ადგილზე პროექტების განსახორციელებლად და ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად. ეს არის რასაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას, პრობლემების მოგვარებაზე, საქმეზე და კონკრეტულ გეგმაზე ორიენტირებული მცოდნე ადამიანების გუნდი,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს“ აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი კი აცხადებს, რომ სოფელში ხალხს სანიაღვრე არხების, სასმელი წყლის და გარე განათების პრობლემა აწუხებს და მისი არჩევის შემთხვევაში ის პრობლემებს მოაგვარებს.